ახალი წელი

ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო.

 ახალი წელი, დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი, განსაკუთრებული მაგიური ნიშნით აღიბეჭდა ადამიანის წარმოსახვაში და ამიტომაც მას ყველგან გამორჩეულად ზეიმობდნენ. იგი ეფუძნებოდა წლის პირველი დღის მაგიას, ანუ იმის რწმენას, რომ ეს დღე განაპირობებდა დამდეგი წლის ბარაქიანობასა და საზოგადო ვითარებას. საახალწლო რიტუალთა მთელ წყებას საკმაოდ ღრმა რელიგიური ფესვები აქვს. წელიწადის დროთა მონაცვლეობა დაუკავშირდა ნაყოფიერების ღვთაების მითოსს, რომლის მიხედვითაც ეს ღვთაება ზამთარში გადადიოდა საიქიოში, მიწისქვეშა სამყაროში, სასიცოცხლო ძალებიც წყვეტდნენ თავიანთ მოქმედებას. გაზაფხულზე ნაყოფიერების ღვთაება ბრუნდებოდა და ზამთარში მიძინებული ბუნება კვლავ იღვიძებდა. ძველების წარმოდგენით, სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადო მოვლენა, ამიტომ მას განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდა მთელი კოლექტივი. იწყებოდა იგი პირველი ხნულის გავლებით, რასაც საქართველოში მიწის გაღვიძება ერქვა. ხნული, იგივე კვალი, იყო ის გზა, რომელსაც მიწისქვეშეთიდან მოჰყვებოდა ნაყოფიერების ღვთაება. იგი განახლებული უბრუნდებოდა თავის საუფლოს და თან მოჰქონდა ახალი სიცოცხლე. მას ხვდებოდნენ საჩუქრებით (პროდუქტით), რათა იგივე მიეღოთ მისგან. ამიტომაც გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.
პირველი ხნული (კვალი) გაჰქონდა კაცს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო დავლათიანობით (ბედის, ბარაქიანობის, ღვთის მადლის მქონე), რათა მის მიერ მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაჰბედებოდა. აქედან მოდის მეკვლეს სახელიც, რომლის ფუნქცია დავიწროვდა იმის შემდეგ, რაც ახალი წლის აღნიშვნამ უმთავრესად საოჯახო ხასიათი მიიღო.

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად?
axali celiსაქართველოში (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში) ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნებოდა. მასთან დაკავშირებული რიტუალები ყველგან თითქმის ერთნაირი იყო, რადგან უმთავრეს მიზანს ამ რიტუალებისა შეადგენდა სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება. რასაკვირველია, იყო კუთხური თავისებურებებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ნიუანსებში განსხვავდებოდნენ ძირითადი წეს-ჩვეულებებისგან. ახალი წლის წინა დღეებში იწყებოდა დიდი სამზადისი: სახლისა და კარმიდამოს დასუფთავება, სანოვაგის მომზადება საგანგებო სუფრისთვის, სხავადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობა და სხვა. ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა. სამეგრელოში კი აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა. გამომცხვარი კვერები თუ პურები ხონჩაზე დაწყობილ სხვა სანოვაგესთან ერთად მარანში შეჰქონდათ, სადაც საგანგებო ტექსტს წარმოთქვამდნენ, თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდნენ. შემდეგ იმართებოდა რიტუალური ჭამა-სმა.ოჯახის თავი გარეთ გადიოდა ხონჩით ხელში და ახალი წლის მოსვლას ულოცავდა შინაურ პირუტყვსა და ფრინველს, ვაზს, კარ-მიდამოს. ვენახში მიჰქონდათ ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი. გურიაში ამ დროს ღორის თავიც დაჰქონდათ. მოხარშულ თავს ხორცს მოაშორებდნენ და დარჩენილ ძვალს უკაკუნებდნენ, თან დააყოლებდნენ: “ჩვენს მამულში – ყურძენი, სხვის მამულში – ფურცელი”.
ეზოს შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში შედიოდა სავსე ხონჩით, მიმოაბნევდა ხორბალს (ან სხვა მარცვლეულს) გამრავლების ნიშნად და დაილოცებოდა, ოჯახის წევრებს ულოცავდა ახალ წელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ კერაში ცეცხლი ჩაუქრობლად შეენახათ. სიტყვიერადაც ცდილობდნენ ცეცხლისთვის ძალის შემატებას:
“ცეცხლო ელოდე, მელოდე,
მე მელოდე, მზეს ელოდე,
ადრიანად ავდგებოდე,
დოჩხოურა(ანუ ნაკვერჩხლიანი) დამხვდებოდე.”

ანთებული მუგუზლიდან დაცვენილი ნაპერწკლების სიმრავლე პურის, ღვინის, დოვლათის, ოჯახის გამრავლების სიმბოლო იყო.
დილით წყალსაც მიულოცავდნენ. დიასახლისები წყაროზე მიდიოდნენ, ულოცავდნენ და შინაური ფრინველისთვის საკენკს ალბობდნენ, რომ მათ გამრავლების უნარი მომატებოდათ. ხევსურები მიდიოდნენ მდინარესთან, სიტყვიერად მიულოცავდნენ ახალ წელს და ძღვნად ერბოიან-ყველიან პურის ნაჭერს აგდებდნენ წყალში.
როცა ახალი წლის ღამე იწურებოდა, სახლში შემოდიოდა პირველი სტუმარი – მეკვლე. ხალხის რწმენით, მის ნაფეხურს მოჰყვებოდა მომავალი წლის ბედი, რაც დიდად იყო დამოკიდებული მეკვლეს პიროვნებაზე, მის ბედიღბლიანობაზე. იგი ხელდამშვენებული მოდიოდა იმის ნიშნად, რომ ბარაქიანობა შემოჰქონდა ოჯახში. ხონჩაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვაზის ლერწი, თავის სურვილს კი აუცილებლად ლექსით გამოთქვამდა:
“ახალ წელიწადს წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბთითამცა;
ცხენზედაც მოგადგებიან მშვილდისრიანნი ხმლითამცა,
ტახტზედაც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა,
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა;
უხვათამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა”.

ახალი წლის დღეს საქართველოში ზოგან “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან 1 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ამ დროს აცხობდნენ ადამიანის ფორმის “ბასილას კვერებს”, რომელსაც ასევე “კაცბასილას” უწოდებდნენ. ჩიჩილაკსაც ბასილას წვერები ერქვა.
მეკვლეობის ტრადიციას დღესდღეობით ძველი სახე და ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ახალი წლის ღამით მოსულ პირველ სტუმარს დღესაც მეკვლედ თვლიან და, ძველი წესის დაცვით, ისიც აუცილებლად ხელდამშვენებული შედის ოჯახში.

No comments:

Post a Comment